English / ქართული / русский /
თეიმურაზ ბაბუნაშვილი
ადმინისტრირების როლი და მნიშვნელობა ბიზნეს სუბიექტების მართვაში

ანოტაცია. თანამედროვე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციისა და ადმინისტრირების ცნებებს შორის თანაფარდობაზე, რომელთა ძირითადი აქცენტები მიმართულია მმართველობითი პროცესების კვლევაზე, მართვის ხაზობრივ-ფუნქციონალური სისტემების უპირატეს გამოყენებაზე, მკაცრ იერარქიაზე, მმართველობითი გადაწყვეტი­ლებების მიღებისა და ფიქსაციის ფორმალიზებულ წესზე, ასევე, ძალაუფლების დანაწილებაზე.

ყურადღებას იმსახურებს ადმინისტრირების შემადგენლობა და შინაარსი, რომელიც ხორციელდება ფორმების მრავალფეროვანი ინოვაციური სხვადასხვა  განვითარების დახმარებით, რომელიც გულისხმობს ადმინისტრირების ფორმების უნიფიკაციას ამ მეთოდების დამუშავებისა და დანერგვის პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ადმინისტრირება; ადმინისტრაცია; ინოვაციები; სუბორდინაცია; ბიზნესსუბიექტები. 

***

ტერმინი „ადმინისტრაცია“ წარმოადგენს არანაკლებ ტევად და რთულ ცნებას, ვიდრე ის გამოიყენება ძირითადად ორგანიზაციის მართვის აპარატთან მიმართებით. ადმინისტრაციის ცნებაში შეიძლება იგულისხმებოდეს მთლიანად სახელმწიფოს მმართველობითი საქმიანობა.

გარდა ამისა, ტერმინი - „ადმინისტრაცია“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მიმართ, მაგალითად, პრეზიდენტის აპარატის მიმართ. ჩვენ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის აღმასრულებელ აპარატს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მეთაურის უფლებამოსილების შესრულებას.

ამგვარად, ადმინისტრირება შეიძლება განვიხილოთ როგორც თანამედროვე მენეჯმენტის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც შეისწავლის მართვის ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ ფორმებს.

ადმინისტრირებას თეორიასა და პრაქტიკაში განასხვავებენ ორ ძირითად მიმართულებად. პირველი მიმართულება დაკავშირებულია ბიზნესსუბიექტების მართვის რაციონალური სისტემის შემუშავებასთან, მეორე ეხება ორგანიზაციის სტრუქტურას.

ბიზნესსუბიექტების რაციონალური სისტემის შემუშავების დაყვანა საქმიანობის ძირითადი ფუნქციების განსაზღვრამდე, რაც, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა მიგნებულ იქნეს კომპანიის ქვედანაყოფებად და საშუალო ჯგუფებად დაყოფის საუკეთესო საშუალებად, რომელიც შეადგენს ძირითად ბლოკს ანუ კომპანიის სისტემის ელემენტებს, ამის შემდეგ ხორციელდება ორგანიზაციის ელემენტების განლაგება სივრცეში, ანუ განაწილება მართვის დონეების მიხედვით და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრით. მართვის სისტემის პროექტირების დამაგვირგვინებელ ეტაპს წარ­მოადგენს ინფორმაციული ურთიერთკავშირის დადგენა კომპანიის ელემენტებს შორის და მის შიგა სივრცეში მიმდინარე პროცესების რეგლამენტის შემუშავება.

ბიზნესსუბიექტების რაციონალური სტრუქტურის აგების საფუძველს წარმოადგენს მართვისა და ორგანიზაციის ფუძემდებლური კანონების, აგრეთვე, საერთო და სპეციალური პრინციპების გამოყენება.

ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლების პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება უდავოდ მნიშვნელოვანი ასპექტია. ამასთან, არამართებულია მსჯელობა მასზედ, რომ პრაქტიკა თეორიაზე მაღლა დავაყენოთ. პრაქტიკული რეკომენდაციები უნდა იყოს დასკ­ვნებისა და გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც შესრულებულია მეცნიერუ­ლი კვლევების საფუძველზე.

ადმინისტრირებაში ძირითადი აქცენტი კეთდება მმართველობითი პროცე­სების კვლევაზე, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგა­ნოებში, რაც უმეტესწილად განსაზღვრავს ძირითად ნიშნებს, რომლებიც განასხვა­ვებენ ადმინისტრირებას მართვის საერთო თეორიისა და პრაქტიკისაგან, კერძოდ:

  1. მართვის ხაზობრივ-ფუნქციონალური სისტემების უპირატესი გამოყენება;
  2. მკაცრი იერარქია;
  3. მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და ფიქსაციის ფორმალი­ზებული წესი;
  4. თანამდებობრივ უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნა, რაც გან­მტკი­ცე­ბულია ბრძანებებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციების სახით;
  5. ძალაუფლების დანაწილება.

„ადმინისტრაციისა“ და „ადმინისტრირების“ ცნებებს შორის არსებობს გარკვეული თანაფარდობა. კრიტერიუმად გვევლინება ამ ცნებების გამოყოფისა და ჩამოყალიბების პირველადობა  და წარმოებულობა. პრაქტიკაში ჯერ ჩამოყა­ლიბდა ადმინისტრაციული ფუნქციები და შემდეგ შესაბამისი ორგანოები, ამიტომ, მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს შორის ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ადმინისტრირება წარმოადგენს ადმინისტრაციის საქმიანობის შინაარსს, რაც გამოიხატება აზრთა სხვადასხვაობაში.

ჯერ ერთი, ადმინისტრაციისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახეობის საქმიანობის საკმარისად ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ ზემოქმედებას. მათი გამოყენების უფლებამოსილება, როგორც წესი, მხოლოდ ხელმძღვანელებს აქვთ, მაგრამ არა ადმინისტრაციის მთელ შემადგენლობას. პრაქტიკაში მათ მხოლოდ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხელმძღვანელის შესაბამისი გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ეს გვიჩვენებს, რომ ნებისმიერი ხელმძღვანელის საქმიანობის შინაარსი შეიძლება გასცდეს ადმინისტრირების ჩარჩოებს.

მეორე, ნებისმიერი ხელმძღვანელის საქმიანობაში, მათ შორის, რომელიც არ შედის ადმინისტრაციაში, გამოიყენება ფორმალიზაციის, რეგლამენტაციისა და, კონტროლის მრავალფეროვანი ფორმები და მეთოდები. უნდა გვახსოვდეს, რომ ადმინისტრაციის შემადგენლობაში უშუალოდ შედიან მართვის ზედა და გამონაკლისის სახით საშუალო დონის ხელმძღვანელები. ფუნქციონალურ-სტრუქტურული ანალიზის გაგრძელება გვიჩვენებს, რომ ადმინისტრირების ესა თუ ის ფორმა გამოიყე­ნება პრაქტიკულად ფირმის ყველა მონაწილისა და მისი კონტრაგე­ნტების მიერ.

ბიზნესის განვითარების თანამედროვე ტემპები მუდმივად მზარდ მოთხოვნებს უყენებს პროფესიონალ და კვალიფიციურ მენეჯერებს, რაც ამ პროფესიას არა მხოლოდ პრესტიჟულს, არამედ ფართოდ გამოყენებადსაც ხდის.

კომპანიის მენეჯმენტის ადმინისტრირების სისტემა, ორგანიზაციული საფუძვლების სახით, თანმიმდევრულად აერთიანებს და კომპლექსური ზემოქმედების განხორციელების ფარგლებში მიზანმიმართულად იყენებს ისეთ შემადგენელ ნაწილებს, როგორებიცაა:

  1. მენეჯმენტის  ობიექტებისა და  სუბიექტების ფორმირების წესი ერთიანი ორგანიზაციის სისტემის ელემენტების სახით;
  2. მათი შინაგანი ურთიერთკავშირის აგების ფორმები მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის სახით;
  3. ხელმძღვანელების, სპეციალისტებისა და შემსრულებლების ფუნქციების განაწილება და სამუშაო რეგლამენტები;
  4. კომპანიის მენეჯმენტის მიერ შესრულებული სამუშაოს განხორციელების პროცედურები.

ბუნებრივია, რომ ადმინისტრირების რესურსების განაწილების შემადგენლობა და შინაარსი შეიძლება საკმაოდ ფართოდ იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა დონეზე.

მენეჯმენტის ადმინისტრირებაში ხშირად გვხვდება კონსტრუქციულ-ინტეგრაციული მომენტები, რაც რეალიზდება შემდეგი პროცედურების სახით, კერძოდ:

1)         მიზნის დასახვის სისტემა და პროცესის რეგლამენტაცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიზნების დამუშავებას, ანალიზს და რეალიზაციას;

2)         პროფესიული ოპერაციების და უნივერსალური ქმედებების შინაარსის ფუნქციონალური სამუშაოს შესრულების განაწილება ორგანიზაციულ სტრუქტუ­რებში მუშაკებსა და ქვეგანაყოფებს შორის;

3)         მენეჯმენტის პროცესისა და შრომის ორგანიზაციის სრულად უზრუნველყოფა სამუშაო ეტაპების, ფაზებისა და ციკლების პროცესში თანმიმდე­ვრული გაერთიანების გზით;

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, არსებობს ადმინისტრირების მრავალფ­ე­როვანი გამოვლინებები, რის გამოც ვერ ხერხდება მათი ამომწურავი კლასიფიკაციის დადგენა.

წარმატებული ფირმების კვლევის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი ფუნქციონირების ძირითადი მიზნების მისაღწევად საჭიროა შესაბამისი სტანდარტების დაცვით წესრიგის დამყარება, რომელიც მთელ რიგ სიტუაციაში ხელს უშლის დასახული მიზნის მიღწევას. სწორედ ამითაა განპირობებული საბაზისო წესრიგის ფორმირებისა და მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა. საბაზო წესრიგში შედის: სტრუქტურის, შრომის, წარმოების, მართვის, საგარეო კავშირების ორგანიზაცია და ა.შ. ეს ცნებები განსაზღვრავს ფირმის სპეციფიკური ქვესისტემების საფეხურებს, რაც  უზრუნვე­ლყოფს მის ეფექტიან ფუნქციონირებას.

საბაზრო პირობებში თითოეული ორგანიზაციისა და ცაკლეული ინდივი­დების თავისუფალი ფორმირება და ფუნქციონირება წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური სისტემის განვითარების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს განვითარება, პროცესების და სისტემების შედარებით ეფექტიანი ფორმები თავად საჭიროებს სრულყოფასა და განვითარებას.

ბუნებრივია, ორგანიზაციის ფორმირებით არათუ არ ქრება, არამედ პირიქით, მკვეთრად იზრდება პრაქტიკული მოთხოვნილება მის ადმინისტრი­რებაზე. კომპანიის რეალურ ფუნქციონირებას თან სდევს ადმინისტრირების ფორმების უაღრესად მრავალფეროვანი სპექტრის დამუშავება და გამოყენება.

ამრიგად, როგორც ორგანიზაციის მთლიანი სამუშაო ციკლი, ასევე მთელი რიგი ქმედებები მისი დაწყებიდან - დამთავრებამდე, აუცილებლად უზრუნველ­ყო­­ფილი უნდა იყოს ადმინისტრირების ფორმების ფართო სპექტრით. ორგანიზაციის ადმინისტრირებას, უპირველეს ყოვლისა, თან სდევს შესაბამისი ფირმების სპეციალიზაციის გაფართოება და გაღრმავება. სუბიექტური და სხვა ფაქტორების იდენტიფიკაცია, რაც შესაძლებლობას იძლევა საკმაოდ სრულად და მრავალფეროვნად განისაზრვროს არამხოლოდ მისი შემადგენლობა და შინაარსი, არამედ გაიმიჯნოს მათ შორის სპეციფიკური და მრავალფეროვანი ურთიერთ­ქმედება. სწორედ მისი მიზანმიმართული მასტიმულირებელი კონსტრუ­ქციული რესურსები საფუძველს უყრის ორგანიზაციის ადმინისტრირებისადმი თანამე­დროვე მიდგომების დამუშავებას და გამოყენებას.

კომპანიის შიდა პოზიციიდან ადმინისტრირება წარმოგვიდგება მისი საწესდებო საქმიანობის რეგისტრაციის, რეგლამენტაციის, ნორმირების, ინსტრუ­ქტაჟის და სანქციონირების ფორმების პაკეტის სახით. ორგანიზაციის სამუშაო უზრუნვე­ლყოფის რეჟიმით განისაზღვრება მათი შინაარსი და რესურსების გამოყენების სპეციალიზაცია, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ადაპტაციას კონკრეტული მიზნების, ამოცანებისა და პირობების დაკმაყოფილებასთან, რასაც მივყავართ ორგანიზაციის ადმინისტრირების კონკრეტული ფორმების შემადგენ­ლობისა და შინაარსის თავისებურებებთან.

კომპანიაში შიდა ადმინისტრირების ძირითად ფორმებს წარმოადგენს: წესდება, მარეგულირებელი დებულებები, ორგანიზაციული სტრუქტურები, ნორმები და პროცედურები, ინსტრუქციები, შიდა ნორმატიული აქტები, სუბორდი­ნაცია, განკარგულებები, დადგენილებები.

ეს ჩამონათვალი აერთიანებს ადმინისტრირების ყველასათვის მისაღებ ფორმებს, რომლებთანაც თითოეულ მეწარმე სუბიექტს არაერთხელ ჰქონია შეხება თავის საქმიანობაში. ამასთან ერთად, მათი შემადგენლობა, შინაარსი და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოყენება მუდმივად ვითარდება და სრულყოფილი ხდება, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მზარდ მოთხოვნი­ლებათა რეალიზაციის ახალ მეთოდებს და მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსების სწორად გამოყენების ორგანიზაციას.

ორგანიზაციის ადმინისტრირების რესურსების პაკეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ისეთ სპეციფიკურ ფორმებს, როგორიცაა: სუბორდინაცია და უფლებამოსილება. ის არ წარმოადგენს კონკრეტულ მატერიალურ რესურსს, არამედ ანაწილებს ორგანიზაციის პერსონალის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობას საშტატო შემადგენლობისა და თანამდებობრივი სტატუსის მიხედვით. რეალურად, ფუნქციონირებადი ორგანიზაციის ადმინისტრაციული ზემოქმედების მნიშვნელოვან რესურსს, რითაც ხორციელ­დება ადმინისტრირების პროცედურის აბსოლუტური უმრავლესობა. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრირების ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები უშუალოდ გამოიყენება ან არსებით ზეგავლენას ახდენს ორგანიზაციის არა მხოლოდ შიგა, არამედ გარე საქმიანობაზეც.

თუ ოფიციალურ სტრუქტურებთან, საფინანსო და მაკონ­ტრო­ლებელ ორგანიზაციებთან საშტატო განრიგის ზემოქმედების ადმინისტრა­ციული დოკუმენტური უზრუნველყოფის პროცედურები ცენტრალი­ზებულად დგინდება, ბიზნესით ინიცირებული კონტრაქტები საგნობრივ გადამუშავებას მოითხოვს. ასეთი ურთიერთქმედებების ადმინისტრა­ციული ფორმები და მეთო­დები ხელს უწყობს პრაქტიკაში გამოყენების დეტალურ ასახვას.

დოკუმენტურად უზრუნველყოფილი პროცედურების გარდა, ორგანიზაცია მონაწილეობს სხვა, უაღრესად მრავალფეროვან პროექტებში, რაც უზრუნველყოფს მისი საგარეო ურთიერთკავშირების რეალიზაციას. მისი შემა­დგე­ნლობა და შინაარსი იმდენად მრავალფეროვნად ფორმირდება, იმდენად ინოვაციურადაც ვითარდება საკუთარი ინტელექტუალური ბაზის რეზერვით, რაც ხელს უწყობს ბიზნესსუბიექტების საქმიანობის სრულყოფას.

ადმინისტრირების შემადგენლობა და შინაარსი, მათ შორის მრავალფეროვანა ინოვაციური ფორმების განვითარების დახმარებით, გამოავლენს ორგანიზაციის კონკურენტულ შესაძლებლობებს, ხაზგასმით წარმოაჩენს მის ინდივიდუა­ლურობას. ამასთან ერთად, სხვადასხვა საგარეო კონტრაგენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი კომუნიკაციისა და ურთიერთქმედების საფუძველზე ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს შექმნის აუცილებლობას. 

დასკვნა

„ფართო პროფილის მენეჯერების“ დილეტანტური ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ სტრუქტურებს არ შეუძლია არსებითი ზემოქმედების მოხდენა ორგანიზაციის მართვაზე, ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. ორგანიზაციების კონკურენციიდან გამომდინარე შერწყმის, შთანთქმის და მიტაცების მრავალი მაგალითი არსებობს. ეს კიდევ ერთხელ იქცევს სწორი მენეჯმენტის განხორ­ციელების ყურადღებას საბაზო ორგანიზაციის ფორმირებაში სტრუქტურული შემადგენლობისა და მისი შინაარსის კონსტრუქციული გამოყენების აუცილებლობის შესახებ.

ადმინისტრირება დღევანდელი გადასახედიდან სხვადასხვა სახით ვრცელდება სათავო ორგანიზაციის სტრუქტურული შინაარსის სწორი გამოყენების ფუნქციების მრავალფეროვნებაზე. ამასთან, ორგანიზაციულ სტრუქტურაში ფორმირდება ქვედანაყოფები, რომელთაც აქვთ მინიჭებული დამოუკიდებელი სტატუსი, რომელიც სპეციალიზდება როგორც მთლიანად ორგანიზაციის, ასევე მისი ცალკეული დანაყოფების ფუნქციონირების ადმინისტრირებაზე, რაც განაპირობებს ბინზესსუბიექტების მართვაში ადმინისტრირების როლსა და მნიშვნელობას ამ ფორმებისა და მეთოდების დამუშავებისა და დანერგვის პროცესში. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თ. შენგელია,  ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები, თბ., 2016.
  2. ნ. ბაკაშვილი და ავტორთა ჯგუფი, ორგანიზაციის თეორია, თბ., 2009.
  3. ე. ბარათაშვილი და ავტორთა ჯგუფი, მენეჯმენტი და ადმინისტრირება, თბ., 2007.
  4. არტურ  ა. ტომპსონი - უმც. ა.ჯ. სტრიკლენდი III, სტრატეგიული მენეჯმენტი, კონცეფციები და ბიზნესსიტუაციები, საქ., 2010.